საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეკრებაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. მისივე თქმით, ოპოზიციას არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.

როგორც ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ოპოზიციას იმდენად მწირი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან, რომ ისინი საკუთარ ორგანიზებულ აქციებზეც კი ვერ ბედავენ სცენაზე ასვლასა და საზოგადოების მიმართვას.

"ძალიან შთამბეჭდავი აქცია იყო ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, დიდი მუხტი იყო ამ აქციაზე. ეს იყო აშკარა განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რეალურად ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ამ არჩევნებზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. ოპოზიციას შესაბამისი მწირი რეიტინგი აქვს. ეს ყველაფერი იძლევა იმაზე საუბრის შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღესაც თვალნათლივ გამოჩნდა ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით. რამდენიმე დღის წინ, მთელს ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება დაანონსებული და საბოლოო ჯამში, რამდენჯერმე ნაკლები იყო ჩვენს შეკრებასთან შედარებით. ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგები ამ არჩევნებზე. ოპოზიციის შეკრებაზე კიდე ერთი დეტალი იყო მნიშვნელოვანი, მათ ვერც ერთი პოლიტიკოსის სცენაზე აყვანა ვერ გაბედეს. როდესაც შენ თვითონაც იცი რამდენად მძიმეა შენი რეპუტაცია, ზოგადად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველშიც კი ვერ გადიხარ და აქაც კი შიში გაქვს, რა შედეგზე უნდა გქონდეს პრეტენზია. მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ შეკრებაზე თუ სად დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა სწორედ მშვიდობის, ღირსებით ევროპისკენ სვლის მხარეს დგას . ეს არის ქართველი ხალის არჩევანი და არა ის რასაც გვთავაზობს ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.