პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა და განმარტა, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა თავხედობაა.
„ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანას მოუტანა შემდეგი – ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ტელევიზიების მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს. ასეთ დროს, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა უბრალოდ თავხედობაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მე ვპატიჟებ რევოლუციის ვეტერანებს და ახალგაზრდებს - ერთად აღვნიშნოთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის: 20 წლის იუბილსთან დაკავშირებით, საზეიმო შეკრებას აანონსებს.