„ლელოს“ ინიციატივა არის მოღალატეობრივი ინიციატივა, როდესაც გინდა, შენი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ხარ მომართული ღალატისკენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ მიერ წარდგენილი 9-პუნქტიანი გეგმის, „საქართველოს დაცვის აქტის“ თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთია პარტია „ლელოს“ სულისკვეთება.

„ზოგადად, როცა ვიღაცას უწესებ სანქციებს, უნდა დააზიანო სხვა. სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციას. რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ. სამაგიეროდ, საკუთარ ეკონომიკას ვაყენებთ უმძიმეს დარტყმას. ეს არის ამ „ომის პარტიის“ და „ღალატის პარტიის“ მთავარი მიზანი, რამენაირად დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. „ლელოც“ ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როცა იცი, რომ სანქციების დაწესება, სულ მცირე, ათი პროცენტით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 150 000 ადამიანი დაკარგავს სამსახურს პირველივე წელს და ამ ინიციატივას წარადგენ პარლამენტში, მოღალატე ხარ და მეტი არაფერი. რა დავარქვა მეტი ამას. ვინ მოგვიწოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ? ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. სხვა ასეთი განცხადება არ გაკეთებულა. მეტიც, ოპოზიციაც კი უარყოფდა იმას, რომ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში საერთოდ სხვა რამ იგულისხმება. არის ევროკავშირის კონკრეტული განცხადებები, რასთან მიერთებასაც ითხოვენ და ამას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან კავშირი არ აქვს. ეს შეგიძლიათ ნახოთ. „ლელოს“ ინიციატივა არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ინივიატივა, როდესაც გინდა, შენი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, 150 000 ადამიანს დააკარგვინო სამსახური. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ხარ მომართული ღალატისკენ და ეს არის „ლელოს“ სულისკვეთება, ისევე, როგორც მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სულისკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.