იყო მარტივი ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და აქედან იწყება კოორდინაცია, იწყება ჯერ სანქციების, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ იწყება უკვე უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევა, აქ იწყება რადიკალური ოპოზიციის აქციები.
„სრული კოორდინაცია იყო – უკრაინის ხელისუფლება იქ, რადიკალური ოპოზიცია – აქ. კონკრეტული მოთხოვნები კონკრეტული ელჩების მხრიდან და ამას მერე დაემატა ევროპარლამენტის რეზოლუციები. ექვსი სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს, უკვე თვლაც აგვერია და ასევე შუალედში იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის უართან დაკავშირებით. შემდეგ წელიწადნახევარში გამოვიბრძოლეთ კანდიდატის სტატუსი. შემდეგ დაიწყო შანტაჟი მოლაპარაკების გახსნის თემით, იქ იყო მერე სანქციები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ბრიტანეთი სხვა მიმართულებებით, ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ. ეს ყველაფერი იყო კოორდინირებული. სრული კოორდინაცია იყო ამ ყველაფრის უკან. იყო მარტივი ინტერესი, უკრაინას და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით. სრულიად ირანციონალური იქნებოდა ამ ყველაფერში შეყოლა.
გვესმოდა თავიდანვე, რომ საქმე გვქონდა დიდ ძალასთან, ამ არაფორმალურ ძალასთან, რომელიც მართავდა იმ დროისათვის პროცესებს აშშ-ში და ევროკავშირში, დღესაც ხედავთ, რამხელა გავლენა აქვთ. ვიცოდით წინააღმდეგობა დიდი იქნებოდა ჩვენი ამ უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა შეგნებულად შევედით ამ ბრძოლაში, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა, რათა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები. უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.










