„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია.
„წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა და წამების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში სიკვდილიანობა;აღიკვეთა ბიზნესის რეკეტი და გათავისუფლდა მედია;ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა;8,5 მილიარდი ლარიდან 30,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი;ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაიზარდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი;ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები; რაც კახელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 70%-ით გაიზარდა, 2012 წლის შემდეგ ვენახების ფართობი და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი. 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. თუ 2012 წელს მევენახეების შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ ლარს შეადგენდა, შარშან მევენახეებმა 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღებს, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება;ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა;680 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს; „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;ამ ყველაფერთან ერთად, საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.
„კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ირჩევს ამორალურ პროპაგანდას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ მომავალს.დარწმუნებული ვარ, რომ კახეთი და სრულიად საქართველო აირჩევს მშვიდობას, დამოუკიდებლობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელს მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.