ევროპული კურსი არის კონსტიტუციაში. ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენ შევიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს კურსი არავითარ გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს მოსახლეობის 85 % უჭერს, შესაბამისად, აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

„რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ უკვე ბევრი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია და ასოცირების შეთანხმება შესრულებულიყო. დარჩენილი გვაქვს ორი კანონპროექტი და ამასაც ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე. უკვე ჩამოსულია ვენეციის კომისიის დასკვნა. ავირჩიეთ სახალხო დამცველი. სხვათა შორის, ამ პუნქტის შესრულებაზე ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა, რაც მათ სულისკვეთებასა და მიზნებზე მეტყველებს. იმედი გვაქვს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების გარშემო კონსენსუსი ჩამოყალიბდება, რაც 90 ხმით მათი არჩევის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. პრაქტიკულად, ევროკომისიამ ორი თვის წინ აღიარა, რომ გასულ წელს ჩვენ უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ეს სტატუსი დეკემბერში მოგვენიჭოს და ამისთვის სრულდება 12 პუნქტი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება უალტერნატივოა, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.