ჩემთან იყო სატელეფონო საუბრები და ჩემგან ითხოვდნენ კონსტიტუციის, კანონმდებლობის ძალიან უხეშ დარღვევას პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
კითხვაზე, – „თქვენს წინა ინტერვიუში ასეთი რამ თქვით, „ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს და მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად, ჩვენი პრინციპია ის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი“, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არსებობს და კონკრეტულად რას ითხოვდნენ თქვენგან?“ – კობახიძემ აღნიშნა, რომ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.
„ჯერ არ დავაკონკრეტებ შინაარსს, ვინ იყო და რას ითხოვდა, შემოვინახოთ ეს ჩვენს არსენალში, მაგრამ, რეალურად, შემიძლია გავიმეორო, რომ იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ა.შ. ითხოვდნენ ამას უხეშად პოლიტიკური ინტერესებისთვის. ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ამის გამო ჩემგან ითხოვდა პირდაპირ, უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, სასამართლო სისტემას ეხებოდა ეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა კონკრეტული სუბიექტის განაჩენზე საუბარი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა: „ჯერ არ ვიტყვი ამ ყველაფერს, გახმაურებული საქმე იყო. ალბათ დადგება დრო, როდესაც ამასაც დავაკონკრეტებ“.