ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მოსამართლის დასანქცირების პრეცედენტი არ გვაქვს. იუსტიციის საბჭოს არ დაუსანქცირებია არცერთი მოსამართლე და ოკეანის გაღმა ვიღაც მტკიცებულების გარეშე, ვიღაც რა, ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ამაზე ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში. საბოლოო ჯამში, ისინი ყოველგვარი მტკიცებულებების, პროცედურების, ყველაფრის გარეშე გვისანქცირებენ მოსამართლეებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების დასანქცირებას კორუფციული პროცესები უდევს საფუძვლად.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. მოსამართლეების წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს დისციპლინური წარმოება თუ რამეს არღვევენ და ითხოვდნენ, რომ სტანდარტები მაქსიმალურად მკაცრი ყოფილიყო. ანუ, თუ რაღაც უტყუარი მტკიცებულებები არ არის, ჯერ გაფრთხილება უნდა იყოს და მერე ადიხარ უმკაცრეს სანქციებამდე. არ შეიძლება მოსამართლის დასჯა. ანუ, დისციპლინური საკითხები ისეა მკაცრად გაწერილი კანონმდებლობით, რომ როგორც ვიცი, იმის მერე არცერთი მოსამართლე არ დასჯილა. ასეთი სტანდარტია, რაც მოგვთხოვეს. რაც ნორმალური იყო, მოსამართლე მკაცრად უნდა იყოს დაცული და შესაბამისად ამას გავყევით. ისეთი სტანდარტი გვაქვს, მოსამართლეს ფაქტობრივად ვერ სჯი, საერთოდ ვეღარ სჯი, გაფრთხილებასაც კი ვერ აძლევ. ბოლოს კანონში ჩავწერეთ, რომ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოს მოსამართლემ, რაც საერთაშორისო სტანდარტია და ამის დარბილებას კი ითხოვდნენ. მაგალითად, კანონში ჩავწერეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსამართლე ერთი საოლქო სასამართლოდან მეორეში გადაიყვანოთ. პრაქტიკაში პრობლემა არ არის, მაგრამ ამაზეც კი ამბობენ, რომ ეს რაღაც თეორიულ საფრთხეს ხომ შეიცავს და ეს შეცვალეთო. ასეთ სტანდარტებს გთხოვენ და თვითონ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პირდაპირ ასანქცირებენ მოსამართლეს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მოსამართლის დასანქცირების პრეცედენტი არ გვაქვს. იუსტიციის საბჭოს არ დაუსანქცირებია არცერთი მოსამართლე და ოკეანის გაღმა, ვიღაც მტკიცებულების გარეშე, ვიღაც რა, ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ამაზე ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში. ეს ადამიანები, ვინც ამ სქემებს ალაგებენ, გლობალური ომის პარტიას უკავშირდება ეს ყველაფერი და ეს კონკრეტული რაღაცაა. საბოლოო ჯამში, ისინი ყოველგვარი მტკიცებულებების, პროცედურების, ყველაფრის გარეშე გვისანქცირებენ მოსამართლეებს, როდესაც ჩვენ აქ გვაქვს უმკაცრესი სტანდარტები, სად არის აქ ლოგიკა?!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.