ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამით უმჯობესდება დაკავშირებადობა – ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა და ქვეყანა ყალიბდება ლოჯისტიკურ ცენტრად.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის. ამით უმჯობესდება დაკავშირებადობა, ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა. ქვეყანა ყალიბდება ლოჯისტიკურ ცენტრად. ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური სტანდარტები მუდმივად გაუმჯობესდეს.
ჩვენს ძალისხმევას მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. მე პირადად ვესწრები უკვე მესამე ღონისძიებას, როდესაც იხსნება გზის მონაკვეთი და სამივე შემთხვევაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი იყო აზიის განვითარების ბანკი და მინდა მადლობა გადავუხადო ბანკს და ბანკის წარმომადგენელს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს აზიის განვითარების ბანკი.
„ჩვენ 2007 წელს შევუერთდით აზიის განვითარების ბანკს ბენეფიციარის სტატუსით, დღეს კი უკვე გვაქვს მინიჭებული დონორი ქვეყნის სტატუსი, რაც არის დასტური ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის აზიის განვითარების ბანკთან. მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს ვუმასპინძლეთ აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო მშენებლობაში. ქართველ თუ უცხოელ ინჟინერს, მშენებლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.
რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის, ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის და ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გასავითარებლად. სწორედ ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მთელი პოლიტიკური დისკუსია ძალიან ხშირად გადართულია ერთგვარ ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში აინტერესებს მშენებლობა, შენება, ასეთი პროექტების განხორციელება და თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლება იქნება სწორედ ამაზე ორიენტირებული და კონცენტრირებული“, – განაცხადა პრემიერმა.