ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
უმრავლესობის ლიდერს კითხვა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს.
„ჯერ სააკაშვილი, შემდეგ ბარამიძე, ახლა გვარამია [აკეთებენ განცხადებებს აფხაზეთზე]. როგორც კი რაიმე ნაბიჯი გადაიდგმება იმ ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, რა დაკვეთაც აქვს საზოგადოებას, რომელი დაკვეთაც ძალაშია და ძალაში იქნება, სანამ მშვიდობიანი გზით არ მოხდება ჩვენი დებისა და ძმების დაბრუნება, ასეთი [გვარამიასნაირი] აგენტები ყოველთვის იტყვიან საწინააღმდეგოს. ის იმ პიროვნების [სააკაშვილის] წარმომადგენელია, რომელიც სასამართლო დარბაზიდან დღეს ქვების გროვის შემდეგ რამდენიმე სოფელს ახსენებს ჩვენს ოს დებსა და ძმებთან მიმართებით. რატომ გვიკვირს, რომ გვარამია ასეთ განცხადებას გააკეთებს როგორც კი რაიმე პოზიტიურს დაინახავს?! მათთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი კონფლიქტური სიტუაცია იყოს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე ქვეყნის შიგნით, თუ საგარეო კუთხით. ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული“, - აღნიშნა კირცხალიამ.









