27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. პირველ რიგში ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
კირცხალიამ „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
"რაც შეეხება ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ გუნდი - პირველ რიგში ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები. საქართველომ გამოიარა ძალიან მძიმე წლები და თავის უახლეს ისტორიაში გაიგო, რა არის ომის ფასი.
ასევე ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოში არასდროს განმეორდეს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს”, - განაცხადა კირცხალიამ.








