ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2025 წლის ინდექსს აქვეყნებს - ანგარიშის მიხედვით საქართველოში მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით, გაუარესდა და 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.

ინდექსის ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს "ქართულ ოცნებას". სახელისუფლებო პარტიაში დღეს ითქვა, რომ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს მედიის თავისუფლებით უსწრებს ჰაიტი, სადაც გასულ წელს რამდენიმე ჟურნალისტი მოკლეს.

"რეალურად, ეს არის ისევ იმ უტიფრობის გამოვლენა, როდესაც ამ უსამშობლოების, კოლექტიური "ნაცმოძრაობის", მათი პატრონების ქვეყნის გარეთ ხელში მყოფი ინსტრუმენტია, ერთ-ერთი ორგანიზაცია და ინსტრუმენტია, რომელიც აქვეყნებს კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე ასეთ "ობიექტურ" დასკვნას. ყველაზე მთავარი და დასაფიქრებელი არის ის, თუ რაოდენ შეურაცხყოფას აყენებ ქართულ საზოგადოებასა და ხალხს, როდესაც შენ 1%-ით მაინც უშვებ, როდესაც ორგანიზაცია ხარ და ასეთ კვლევას ჰკადრებ ქვეყანასა და საზოგადოებას, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს. ეს არის დიდი შეურაცხყოფა, როდესაც შენ ასეთ დამცინავ კვლევას აქვეყნებ. სწორედ ასეთი შეურცხმყოფელი და დამცინავი რიტორიკით არიან თითოეულ თავის გადადგმულ ნაბიჯსა თუ ქმედებაში როგორც აქ, ეს აგენტურული ქსელია დაკავებული, ასევე მათივე პატრონები, ეს არის ის ერთ-ერთი ორგანიზაცია, ინსტრუმენტი ამათ ხელში“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.