"ძალიან კარგად იციან მათაც და იცოდნენ წლების წინ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელთაც ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული სად ვდგავართ და რა ინტერესებს ვიცავთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
"ჩვენ ვუყურებთ რა ხდება მსოფლიოში, რადგან მსოფლიოს ნაწილი ვართ და მსოფლიო პოლიტიკა გავლენას ახდენს მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაზე და, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონზე, რადგან ევროპისა და აზიის გასაყარზე ვართ. როდესაც ევროპის კონტინენტზე ომი მიმდინარეობს და ცეცხლის ალშია გახვეული... ყველანი კარგად ვხედავთ იმ რადიკალურად შეცვლილ დამოკიდებულებას, სწორედ ბრიუსელის მხრიდანაც, რომელიც, თავისი ჭკუით, რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ.
ძალიან კარგად იციან მათაც და იცოდნენ წლების წინ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელსაც ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, სად ვდგავართ და რა ინტერესებს ვიცავთ, ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა. ეს არის იმ ბიუროკრატიის, იმ ბინძური მანქანის ამოქმედება, რომელიც მოულოდნელი არ იყო. ეს არაფერს არ წყვეტს ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვამხელთ იმ არარჩეულ ბიუროკრატიას, იმ ბინძურ მანქანას, რომელიც, აშშ-დან დაფინანსებების შემცირების შემდეგ, ვხედავთ, როგორი გამძვინვარებით მოქმედებს. თითოეული ეს გადადგმული ნაბიჯი მეტყველებს მათზე, მათ არასწორ პოლიტიკაზე," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.








