ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის დაკვეთით, გამოვედით იმ სპირალიდან, როდესაც საქართველო თვალებში შესციცინებდა ნებისმიერ მის პარტნიორს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ დავდექით მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობები, პარტნიორობა, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ და მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე. ამას ყველგან ვიმეორებთ და ყოველთვის გავიმეორებთ. დამერწმუნეთ, ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი ნებისმიერ ვიზიტში ამ პათოსით დავდივართ.

ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენი გზა, ჩვენი შიდაპოლიტიკური საქმეები, ჩვენი საგარეო ხედვა და ეს ემყარება ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს პოლიტიკაში - სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც არის ჩვენი და ჩვენი საზოგადოების აზრით ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არის საწინდარი ყველა კეთილდღეობისა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა, სუვერენიტეტის გამყარებისა. ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იაროს თავაწეულმა, იყოს ღირსეული, ღირსეულად არსებობდეს გეოპოლიტიკურად, უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი. ეკონომიკურად მდგრადობა მოაქვს იმ პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ჩვენ დაგვიკვეთა ქართულმა საზოგადოებამ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.