დაიშალა ბიპოლარული სამყარო, შეერთებული შტატების ჰეგემონია ასევე დასრულებულია და ცენტრიდანული აჩქარება არის დაწყებული ბევრ ორგანიზაციაში, მათ შორის, გაერო-ში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ განზომილებაში ლიბერალური დღის წესრიგი სრულდება.

„აგერ, ტრამპი გავიდა გაერო-ს მთელი რიგი შვილობილი ორგანიზაციებიდან, ევროკავშირში დაწყებულია ცენტრიდანული აჩქარება და სხვადასხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები განიცდის სერიოზულ კრიზისს. ლიბერალური დღის წესრიგი, მათ შორის, ეკონომიკურ განზომილებაში სრულდება, პოლიტიკური დღის წესრიგი სრულიად განულებულია და დღეს მიმდინარეობს ახალი წესრიგისკენ სვლა. სამწუხაროდ, ეს სვლა არის კონფლიქტებით დახუნძლული და იქნება კონფლიქტებით დახუნძლული”, – განაცხადა გოგავამ.

მისი თქმით, ჩვენი, საქართველოს მთავარი ამოცანაა, ამ კონფლიქტებში რომელიმე ბანაკის მხარეს არ აღმოვჩნდეთ.

„გავილახებით, ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, როგორც ადრე დაყოფილა და როგორც ადრე თავს მოგვახვიეს ეს სცენარი, – განაცხადა გოგავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი შეიძლება, აღმოჩნდეს ახალი დღის წესრიგი ზოგადად, ირაკლი გოგავამ აღნიშნა, რომ არის რამდენიმე მოდელი, რომელზეც საუბრობენ.

„ერთი ეს არის სამპოლუსიანი მოდელი, მეორე ეს არის ოთხპოლუსიანი მოდელი. სავარაუდოდ, იქნება 3+1, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, ამ ოთხ პოლუსზე გადალაგდება“, – განაცხადა გოგავამ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, იქმნება ევრაზიის ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურა, სადაც დომინანტი ჩინეთის დაბალანსება მოხდება სხვადასხვა დიდი ქვეყნით.

„მაგალითად, რუსეთით, ინდოეთით, თურქეთით, საუდის არაბეთით, ირანით. აი, ასეთი ევრაზიის მშენებლობა მიდის ახლა. სხვათა შორის, გლობალიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, იყო რამდენიმე მოდელი და მეცნიერები ამაზე დაობდნენ. ერთი იყო ცენტრალიზებული გლობალიზაცია, უნიფიცირებული წესები, მათ შორის, ეკონომიკაში, ვაჭრობაში, პოლიტიკაში და მეორე იყო რეგიონალური გლობალიზაცია. აი, რეგიონალური გლობალიზაციის ერთგვარი სახე შეიძლება, მივიღოთ დაახლოებით, სავარაუდოდ, 2032-35 წლებში, თუმცა კონტურები უკვე ჩანს. გზას, რა თქმა უნდა, დასჭირდება გარკვეული პერიოდი. უნდა დაინიშნონ და დანიშნული არიან უკვე ლუზერებიც, ყველაზე წაგებული ძალები. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის სტრუქტურა, როგორც ასეთი, რადგან გლობალისტების პირმშოა ის და ვხედავთ, რომ სხვადასხვა მხრიდან ხდება ტარანების დაჯახება ამ ევროკავშირის პროექტის მიმართ. აქ შეერთებული შტატებია ფლაგმანი, რა თქმა უნდა და აღმოსავლეთიდან რუსეთი, რომელიც პირდაპირ ფრონტალურ ბრძოლაშია“, – განაცხადა გოგავამ.

მისივე თქმით, ტრამპის ამერიკის ახალი ეროვნული და უსაფრთხოების დოქტრინა პირდაპირ გულისხმობს ევროკავშირის პროექტის დასრულებას და შემდეგ იქ მოხდება ორმხრივი ურთიერთობების გაბმა ევროპის ქვეყნებთან, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ასე შემდეგ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას ნიშნავს სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ეს არის უკვე მომხდარ ფაქტზე რეაგირება.

„ტრამპმა უკვე დაუწესა ტარიფები, თუ ისინი არ დაეთანხმებიან გრენლანდიის გადაცემას, მიყიდვას ამერიკისთვის; 10%-იანი უკვე შემოიღო და 25%-იანს შემოიღებს პირველი ივნისისთვის. ამაზე პასუხია ეს და შეეძლოთ, მიეღოთ და შეეძლოთ, არ მიეღოთ, არაფერი არ შეიცვალა, ტრამპი მაინც უწესებს მაგათ ტარიფებს“, – განაცხადა გოგავამ.

ამასთან, ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ჩამოლაბორანტება გადაწყვეტილია.

„ისინი ვეღარ შეინარჩუნებენ თავს. მათთვის შანსი იყო, თუ რუსეთს მართლა დაამარცხებდნენ, რუსეთის რესურსებით კიდევ გაეგრძელებინათ თავისი კეთილდღეობის ეპოქა, რომელიც გრძელდება უკვე რენესანსიდან, მე-14 საუკუნიდან დაწყებული. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი პრობლემა უნდა ვთქვათ, იქ 400 ათასამდე ქართველია, რომლებიც მუშაობენ და აქ ოჯახებს ინახავენ. ნელ-ნელა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ხალხი, როცა დაიწყებს დაბრუნებას ევროპაში ეკონომიკური პირობების გაუარესების ფონზე, აქ უნდა დახვდეთ ნორმალური ინფრასტრუქტურით და ღირსეული სამუშაო ადგილებით, ღირსეული ანაზღაურებით. ამაზე დღესვეა საფიქრალი, რადგან ის პროცესი 100 წლის შემდეგ კი არა, უკვე მომავალ წელს და შემდეგ წლებში გველოდება“, – აღნიშნა გოგავამ.