აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში დრამატული ცვლილებაა, ალბათ ეს საუკუნის მოვლენადაც შეიძლება, შეფასდეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ტრამპმა თავდაყირა დააყენა გასული სტრატეგიები, თუნდაც ბაიდენის ან სხვა რესპუბლიკელი პრეზიდენტების. შეერთებული შტატები ფოკუსირებას ახდენს დასავლეთ ნახევარსფეროში და შერჩევით იმოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის მთავარი შინაარსი ახალი სტრატეგიის, რომელიც ეხება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და მის კონცეფციას. დონროს დოქტრინა – ასე უწოდებენ ზოგიერთები, ანუ, მონროს დოქტრინის პერიფრაზია, დონალდ-მონროს, ასე ვთქვათ, სინთეზი გააკეთეს და, სავარაუდოდ, ასეც იქნება“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტები არის დრამატულად შეცვლილი.

„ევროპა მოექცა მთავარი კრიტიკის ქვეშ და მთავარი ფოკუსი ტრამპის ადმინისტრაციას ექნება ლათინური ამერიკა, ანუ დასავლეთ ნახევარსფერო და წყნარი ოკეანის და ინდოეთის ოკეანის აუზები. შემდეგ მოდის უკვე ევროპის თეატრი და ასევე, ახლო აღმოსავლეთი. რუსეთს რაც შეეხება, ის მეტოქედ და მტრად არ არის დასახელებული და ესეც სიახლეა. ცხადია, ჩინეთი კონკურენტად აღიქმება და ამიტომ არის წყნარ ოკეანეზე და ინდოეთის ოკეანეზე საუბარი, ხოლო ევროპას მოუწოდებენ, დემოკრატია დაიცვას. ეს აჩენს უზარმაზარ შესაძლებლობებს პატარა და საშუალო ქვეყნებისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის. არის რისკები, მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობაა“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისივე თქმით, დიდი თამაში მიდის დიდ სამეულს, აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის.

„ჩვენ ადრე ვთქვით, რომ ამ სამეულში აუცილებლად ჩამოყალიბდება წყვილი, რომელი წყვილი იქნება, მაშინ უცნობი იყო, იქნება ეს ამერიკა-ჩინეთი, ჩინეთი-რუსეთი თუ რუსეთი-აშშ, მაგრამ ჩანს ისე, რომ ძირითადი საკითხების გარშემო რუსეთის და ამერიკის წყვილი ყალიბდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესენი მოკავშირეები იქნებიან, სამხედრო კავშირი ექნებათ და ყველაფერს ერთად გააკეთებენ, არა, მაგრამ ევროპის მიმართ ისინი უკვე სოლიდარული ჩანან. ახლა უნდა ავხსნათ, რა არის ევროპა, რადგან ევროპა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ტრამპის ეს აგრესია და კრიტიკული დამოკიდებულება დღევანდელი ევროპის მიმართ გამოწვეულია იდეოლოგიური ბრძოლით. ევროპა დღეს არის ციტადელი გლობალისტების, ულტრალიბერალების, რომელთაც პირდაპირ მართავენ ტრანსნაციონალური კორპორაციების მდიდარი მეპატრონეები და დინასტიები, შეგვიძლია, ოლიგარქიული ოჯახები ვუწოდოთ, და მიდის ბრძოლა მომავლისთვის, ვინ იქნება მომავალში დომინანტი ძალა, ეს იქნება ეროვნული ელიტები, ტრამპი და მის უკან მდგომი ხალხი თუ ტრანსნაციონალური კორპორაციების მაკონტროლებელი მდიდარი დინასტიური ოჯახები“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისივე თქმით, ეს არის ტრამპის და რუსეთის ერთგვარი ურთიერთგაგება და ამას ალიანსი არ უნდა დავარქვათ.

„ეს ნამდვილად არ არის ალიანსი, მაგრამ ურთიერთგაგება და გარკვეული პარტნიორობა მიმართულია ამ ევროპაში მოკალათებული გლობალისტების და რადიკალების წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც ევროპას ჰქონდა, იმ ზომით უკვე აღარ აქვს და ვეღარ ექნება კარგა ხანს, ვიდრე, გარკვეულწილად, ცვლილებები არ მოხდება. მოკლედ რომ შევაჯამო, ჩვენ ახლა მომსწრე ვართ ევროკავშირის, როგორც პროექტის დასასრულის დასაწყისის“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.