„ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ომს და უბედურებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ხაზარაძე რომ ყოფილიყვნენ, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ქვეყანას შეიყვანდნენ ომში და დაანგრევდნენ.

„არ ვიცი, ამაზე კომენტარი სერიოზული როგორ უნდა გავაკეთო, არასერიოზული კაცისგან ნათქვამი სასაცილო შემოთავაზება არ არის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს სწორი მიმართულებით განვითარება. ეს გზა არ შეიცვალოს. თეორიულად, ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, რომ ხელისუფლებაში დღეს ან გუშინ არ ყოფილიყო „ქართული ოცნება“, უკრაინაში ომის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ან ნიკა გვარამია ან ვინც არიან ეს გაუგებარი ადამიანები, ნებისმიერი მათი სატელიტი, ხაზარაძე და სხვა ყოფილიყვნენ, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. პირდაპირ, მთელი ძალით ქვეყანას შეიყვანდნენ ომში და დაანგრევდნენ. ვიცი, რომ არ მოგწონთ ეს ნათქვამი რადიკალურ ოპოზიციას და ტელევიზიებს, „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევას და უბედურებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.