საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, უკეთესად მოერგოს გაერო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიო გუტიერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაეროს წესდებას ეყრდნობა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე − გაეროს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და მომდინარე რისკები. არსებული გამოწვევების დასაძლევად კი ერთიანი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს ფარგლებში მიღებული ანგარიშები და რეზოლუციები საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმებია.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. მან გაეროს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მხარდაჭერისთვის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.