„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
გორში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზაალ დუგლაძე, გიორგი სოსიაშვილი, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, ლევან ხარაბაძე.
შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე, ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
აღინიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობიანი ძალა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.
„დღეს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა შიდა ქართლში, გორში. შევხვდით ჩვენი პარტიის აქტივს, ვისაუბრეთ არჩევნებზე, ასევე, სხვა საკითხებზე, რომელიც საზოგადოებაში დღეს აქტუალურია. კიდევ ერთხელ, ანალიზი გავუკეთეთ მიმდინარე სიტუაციას, მოვლენებს, როგორც ვითარდება დღეს ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, მსოფლიოში და რეგიონში. მოგეხსენებათ, ძალიან რთული ვითარებაა მთელს მსოფლიოში.
დღეს დაავიწყდა ხალხს, ზოგიერთებს, რომ მსოფლიოში არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების და პოლიტიკური გარემო. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითი დღე ირღვევა და ჩვენ არ ვიცით ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება საბოლოო ჯამში, არავინ არაფერი იცის. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარია გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, რომ 200 მილიარდი დოლარია დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა დამატებით, ამერიკიდან 50, თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. კაცმა არ იცის, როდის დასრულდება.
საფრთხე, რომელზედაც ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ არსებობს ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის რეალური საფრთხე, არსად წასულა. ის უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, გადმოეტანათ ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს მინდა, მივმართო - რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორც დღეს არის?
ერთადერთი პოლიტიკური, პასუხისმგებლობიანი ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“.
კარგად ვიცით, რომ ყოველი მმართველის დროს, სამწუხაროდ, საუბედუროდ, გადახედეთ 30-წლიან ისტორიას, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ამაზე უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, მოქალაქეების განადგურება, მათი საცხოვრებელი სახლების და ა.შ. ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია, ძალიან სერიოზული სიტუაციაა დღეს მსოფლიოში.
გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს და მიმდინარე საომარ ვითარებას ვგულისხმობ, გადახედეთ, რა ხდება ირანსა და ისრაელს შორის, სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების თაობაზე და ამ დროს, ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დავუშვებთ ჩვენ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში. არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად, დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, - ირაკლი ღარიბაშვილი.
„როგორც ყველა რეგიონში, აქაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო. შეხვედრებზე ძალიან ბევრი აქტუალური საკითხი დაისმება ხოლმე. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პარტიული აქტივი როგორც ყოველთვის, ძალიან ადეკვატურია ამ მოვლენების მიმართ და სწორად აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს არის რეგიონი, რომელსაც მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს თითოეულ ადამიანს გამოცდილი და კარგად ხვდებიან, რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ჩვენი ხალხი დავიბრუნოთ და რომ ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და ამ განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული. ეს არის ჩვენი მესიჯი ჩვენი დების და ძმების მიმართ, რომლებიც აქ, ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ყველა სხვა მესიჯი არის დამაზიანებელი და მტრული ამ ქვეყნისთვის.
ერთადერთი გზაა განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპულობა, ოღონდ ჭეშმარიტი ევროპულობა, მოგონილი და დეკლარირებული კი არა, ჭეშმარიტი, რეალური ევროპულობა, რაც არის უალტერნატივო და ამ გზაზე სიარული ჩვენ მოგვიტანს ქვეყნის გაერთიანებას. მარტივი არ არის, ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის და დღევანდელ შეხვედრაზეც ეს კარგად გამოჩნდა, რომ მარტივი არ არის ამ გზაზე - ევროპისკენ ინტეგრაციაზე, მშვიდობის გზაზე, განვითარების გზაზე, დეოკუპაციის გზაზე ერთად, ცალ-ცალკე შეიძლება უფრო მარტივი იყოს რაღაცები, მაგრამ ერთად ამ გზებზე სიარული ისე, რომ არცერთგან პრობლემა არ შეგექმნას, საბოლოო ჯამში, სპეკულაციების და თავდასხმების მიუხედავად, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნიდანაც კი, რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ, ყველაფერი ერთობლიობაში ასე განვახორციელოთ“, - მამუკა მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შიდა ქართლის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.