„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის ლიდერები იმერეთის მხარეში პარტიულ აქტივს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურისა და საჩხერის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე, ზაზა ლომინაძე, პაატა კვიჟინაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.
შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის მთავარი გზავნილია არჩევნებში ძლიერი, დამაჯერებელი გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. აღინიშნა, რომ არცერთი საბაბი და მიზეზი არ უნდა დავუტოვოთ დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას და ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს.
„მინდა მოგილოცოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის, ეროვნული კაცის, ბატონი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რეფერენდუმის დღე, რომელმაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო და ყველას მოგილოცოთ ეს ისტორიული გამარჯვება. დღეს მქონდა შეხვედრა იმერეთის პარტიის აქტივთან. ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე, რომელიც აქტუალურია და ახლა მიმდინარეობს ამ თემებზე მუშაობა. ჩვენი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ არჩევნებზე უნდა მოვიგოთ, გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად და რაც მთავარია, არცერთი საბაბი, არცერთი მიზეზი არ უნდა დავუტოვოთ ჩვენს დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას და ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს. ჩვენი მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ უნდა იყოს ის, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, ამის ყველანაირი პირობა არსებობს.
ძლიერი, ძალიან მაგარი საბრძოლო განწყობაა მთელს იმერეთში, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს აქტივს. 26 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, უნდა იზეიმოს ძალიან ძლიერი ისტორიული გამარჯვება. დღეს ქვეყანაში გარკვეულია ყველაფერი, არაფერი ბუნდოვანი აღარ არის, ქართველ ამომრჩეველს, მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ისინი არიან თუ არა ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი არჩევანი - ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეორე არჩევანი - ეს არის ანტიეროვნული, მტრული ძალები, რომლებიც არიან დაქსაქსულნი, გაშლილი თუ გაერთიანებული, მნიშვნელობა არ აქვს ამას, ამას ჰქვია ერთი სახელი - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. ახლა რაც ხდება მაგალითად, იგივე მელიას თუ გვარამიას და არარაობების გაერთიანება, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა, იგივე „ლელო“, „ნაცების“ აქტივობა, ხომ კარგად ვიცით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ისევ ერთი პარტიის, ერთი დიდი ბოროტი მტრული ძალის განშტოებები და მათი ნაწილები“, - ირაკლი ღარიბაშვილი.
„მთელს საქართველოს მივულოცავ დღევანდელ დღეს, ეს არის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმის დღე და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავდოთ პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ხელისუფლება, ასევე ხალხი იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მეტად დამოუკიდებელი იყოს. ჩვენი წინაპრები, ჩვენი გმირები ყოველთვის იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო სუვერენული, დამოუკიდებელი. დღეს მგონია, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი არის უფრო მაღალი, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, ქვეყანა კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს ყოველგვარი ჩარევისგან, საქართველოში მიიღებოდეს გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ და არა სადმე სხვაგან, ამის მცდელობებიც კი უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. თითოეული ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მისი ხალხი იყოს მეტად დამოუკიდებელი, არის უდიდესი პრიორიტეტი. ასევე, მინდა მივულოცო ყველა ქართველს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.
ეს სიმბოლური თარიღები ალბათ ასევე მიგვანიშნებენ იმაზე, რომ დამოუკიდებლობაზე განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ქუთაისში ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე შეხვედრა. ქუთაისს და იმერეთს აქვს პეწი და ლაზათი, ალბათ ეს სიტყვები არ გვახსენდება ხოლმე სხვა დროს, მაგრამ როცა ქუთაისში და იმერეთშია შეხვედრა, ეს სიტყვები განსაკუთრებულად, ძალიან კარგად ჩანს იმერლების, ქუთაისელების თითოეულ სიტყვაში, ქცევაში, დისკუსიაში გამოხატულ აზრში. მინდა უდიდესი პატივისცემა დავაფიქსირო ჩემი მშობლიური კუთხის მიმართ და უდიდესი პატივისცემა იმ დამოკიდებულების გამო, რაც სახელმწიფოსთან, სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით აქვს იმერეთს, ქუთაისს და იმერლებს“, - მამუკა მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. იმერეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. მომდევნო შეხვედრა 13 აპრილს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გაიმართება.