მე რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ყველა „ენჯეოს“, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს. ყოველდღე სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მუშაობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ისინი უცხო ქვეყნების დავალებებს ასრულებენ და ეს ტრაგედიაა.
„საზოგადოებამ არ იცის, რა საქმიანობას ეწევიან ისინი. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდა ესა თუ ის „ენჯეო“ პირდაპირ, ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს. თავად იყვნენ ჩართული ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში. გახსოვთ იგივე, ლგბტ ორგანიზაციის - „სირცხვილიას“ უკან ვინ იდგა - „ნაცმოძრაობა“. ამიტომ ეს ლოგიკური კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხები თავად „ენჯეოებმა“ უნდა გასცენ და უნდა მოეხსნას ამ „ენჯეოებს“ ტაბუ. ეს ადამიანები წლების განმავლობაში თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, ყველას და სანაცვლოდ როცა კითხვებს სვამთ, თურმე ეს მიუღებელია. ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს დაფარული და დამალული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.