"ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინააღმდეგ - ექსპრეზიდენტისა და მისი პარტიის უკმაყოფილება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიას მოჰყვა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილი არ მოხვდა.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ანტი-მიშა კამპანიის გაგრძელებაა, რაც ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს. თავის მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ამბობს, რომ ის პირები, რომლებიც სიაში მოხვდნენ, "ევროპის საბჭოს" საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
"როცა ვსაუბრობთ ჩვენ პოლიტიკურ პატიმრებზე, 91-კაციან სიაზე და აქ არ არის მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი გამართლება ამ ამბავს არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის ორგანიზაციაც კი, ამ ანტი-მიშა კამპანიას თავს ვერ ანებებს, რის გამოც საკუთარ რეპუტაციას იზიანებს. მით უმეტეს, როცა ევროსაბჭოს კრიტერიუმებზეა საუბარი. ევროსაბჭოს ძალიან ბევრ რეზოლუციაში მკაფიოდ, ხაზგასმით, ცალკე არის აღნიშნული მისი პოლიტიკური ტყვეობის შესახებ," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.








