საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ქართული ჯარის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

„ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ჯარს ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, განვაახლოთ ლოჯისტიკური საშუალებები და გავაუმჯობესოთ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები“. მინისტრმა, ასევე ისაუბრა, არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით
მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების გატარებაზე.

მისი განცხადებით, გრძელვადიანი დაგეგმვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ეტაპობრივ განვითარებას ისახავს მიზნად, რათა კიდევ უფრო კარგად გაწვრთნილი, მაღალი მოტივაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული და მობილური ჯარი შეიქმნას.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ- მინისტრს, რომლის ჩართულობითაც ჯარის გაძლიერების და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აქტიური ნაბიჯები იდგმება. ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ასევე, 
საქართველოს პრეზიდენტს ქართული ჯარის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.


მინისტრმა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ქართული ჯარისადმი მტკიცე მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი.


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარების გზაზე სამხედრო ხელმძღვანელობის როლი და პროფესიონალიზმი აღნიშნა. მისი განცხადებით, სამეთაურო რგოლის ხედვა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება ქმნის და აყალიბებს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებს.

ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს და აღნიშნა, რომ ის 31- წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართველი პროფესიონალი
სამხედროს მაგალითად. ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეების, სარდლების, ბრიგადის მეთაურების, ბატალიონის მეთაურების მიმართ თანამშრომლობისა და დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.