ქედს ვიხრი 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია. - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
"დღე, როდესაც გაცხადდა ქართველთა ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყნის თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთ სიმბოლურ დღეს, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
მიღებული აქტი გამოხატავდა რეფერენდუმზე დაფიქსირებულ ჩვენი ერის ერთსულოვან გადაწყვეტილებას და ამასთან იყო ჩვენი წინაპრების, დაღუპული გმირების ბრძოლისა და თავდადების შედეგი." - წერს ირაკლი ჩიქოვანი "ფეისბუკში".