გამოწვევების, ხშირ შემთხვევაში უსამართლო შეფასებების მიუხედავად, მოსახლეობა ხედავს, რომ საქართველო თანმიმდევრულად აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ევროინტეგრაციის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეუქცევადია.
„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანმიმდევრულად, ყოველდღიურ რეჟიმში. უფრო კონკრეტულად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ვერ ვიქნებით. ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, ხშირ შემთხვევაში უსამართლო შეფასებებისა, საქართველო ძალიან თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას. ეს არის ჩვენი მომავალი და სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეუქცევადად ვაქციეთ ეს პროცესი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს რეალურად ხდება“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.