30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს მიეძღვნა.
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს საიუბილეო შეკრების მონაწილეებს მიმართა
მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში.
ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთან გამკლავება ყოველდღიურ რეჟიმში უწევს ქვეყანას, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაცია და ასევე ის საფრთხეები, რომელიც რეგიონში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ რთულ ვითარებაში, ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში რეფორმების განხორციელების საკითხში, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მორიგ წარმატებას მიაღწევს ამ პროცესში.
29-30 აპრილს ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მინისტრი დაესწრო 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და შეხვედრები გამართა ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.