ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები შევასრულოთ და გაიხსნას მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, პარტნიორები ამბობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნას შეაფერხებს და როგორ შეაფასებდა ასეთ განცხადებებს.
„სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსზეც შევფერხდით, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ ქვეყანას დღეს აქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ასევე უკვე ბრიუსელიდან ველოდებით დელეგაციას, სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის, ბატონი კოპმანის ხელმძღვანელობით, რომელთანაც დღესაც მქონდა შეხვედრა. ველოდებით დელეგაციას, ეს არის მუშა პროცესი. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი სამოქმედო გეგმებით აღებული ვალდებულებები შევასრულოთ და საქართველომ მიიღოს მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის ჩვენი მიზანი. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ შევჯერდებით ევროპელ პარტნიორებთან და საქართველო დაეწევა, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს გაფართოების პაკეტში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.