საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
დარჩიაშვილის თქმით, ვერა იუროვას მიაწოდა ინფორმაცია კანონპროექტის საჭიროებებთან დაკავშირებით.
„უმნიშვნელოვანესი შეკრების გარდა, რომელშიც ვმონაწილეობ, მაქვს შესაძლებლობა, გავმართო შეხვედრები კოლეგებთან. მქონდა შეხვედრა კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელიც პასუხისმგებელია გამჭვირვალობასა და ღირებულებების პორტფელზე. ჩვენ ვისაუბრეთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მას ავუხსენი, რა საჭიროებაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც გადააზღვევს ქვეყნის განვითარებას და იმ გამოწვევებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით აქვს ქვეყანას. შესაბამისად, გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი, ვისაუბრეთ, გავცვალეთ არგუმენტები. ასევე, ქალბატონი ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინე, რატომ გახდა საჭირო, თავად ევროკავშირს დაეწყო ფიქრი კონკრეტულ მექანიზმებზე, რათა რისკების პრევენცია მოხდეს მომავალში. ვიცით, რომ სწორედ ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დირექტივა, რომელიც ასევე საუბრობს გამოწვევებზე, აგრეთვე, ეძებს მექანიზმებს. მომავალში განხილვა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. სწორედ ქალბატონ ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრეთ საჭიროებებზე, არგუმენტებზე, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.