2023 წლის 20 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის საკმაოდ დინამიკურ და შინაარსობრივად დატვირთულ დღის წესრიგს. შეხვედრაზე განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და ხავიერ კოლომინას მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა. ასევე, საუბარი შეეხო 2024 წელს დაგეგმილ ნატოს ვაშინგტონის სამიტს.
ილია დარჩიაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ პროგრესში მისი წვლილისთვის.