გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორმხრივი თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პირველი ოფიციალური ორმხრივი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა.
„ირაკლი კობახიძეს ექნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრები უმაღლეს დონეზე. პირველი შეხვედრა იქნება კანცლერ შოლცთან, რომელიც არის ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. ჩვენ ხშირად გვსმენია მისი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბერლინში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩამობრძანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტით.]
ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა.
გერმანია არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ბევრი მიმართულებით და მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებითაც. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი იმპულსი ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ამ თანამშრომლობას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.