თქვენ არ იცით როგორ მინდა, რომ ვენდობოდე. ისეთი კარგი შედეგებია, მინდა, მართალი მეგონოს 100%-ით, „ქართული ოცნება“ ისე ისჯება თავისი არასწორი ნაბიჯების გამო, მიუხედავად ასეთი პრორუსული ან ანტიამერიკული პროპაგანდისა, ადამიანები დასავლელები ხდებიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„როცა ვხედავ, რომ პოლიტიკოსების გამოკითხვებში არც ერთი ადამიანი არ არის შეტანილი ჩვენი პარტიიდან, ვგრძნობ, რომ გვებრძვიან. რაღაცნაირი ბრძოლის ფარგლებშია ეს გაკეთებული. აქედან გამომდინარე, მიჭირს დავიჯერო დანარჩენი მონაცემების უტყუარობა. თუ ეს ყველაფერი მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგია უნდა შეცვალოს. ფიზიკურად გამორიცხულია ამ მიმართულებით გაგრძელება და წარმატების მიღწევა. კარგი ასევე ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ 19% აქვს და დანარჩენი ოპოზიციისაა. ეს ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ბოლომდე ამ კვლევის სანდოობაში დარწმუნებული ვერ ვიქნები იმიტომ, რომ არ მაქვს პასუხი კითხვაზე, ჩვენ რას გვერჩიან. რატომ არ ვართ ამ კვლევაში. თუ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ხომ შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ ერჩოდნენ ან რომელიმე სხვა პარტიას, ისე როგორც მე მერჩიან. ამიტომ, ვერ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, მაგრამ მაინც მომწონს. იქნებ ტენდენციები მართალი იყოს ამ კვლევაში. კარგად მიდის მაინც საქმე ადამიანების გათვითცნობიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა ხვიჩიამ.