„ნაციონალური მოძრაობის“ აქციამ ხმაური რომ გამოიწვიოს, საჭირო გახდა მისი 9 აპრილს ჩატარება, რაც არის პარაზიტირება იმ ხალხის ნამოღვაწარის, რომელიც ამას არ იმსახურებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მე არ ვეთანხმები არაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში, არც მის ჩატარების თარიღს, არც იქ მყოფი ხალხის გულწრფელობის მჯერა მაინცდამაინც ყველა საკითხზე, რასაც ამბობენ. მოთხოვნები ბუნდოვანია. არ მჯერა არც ის, რომ ჩაფიქრებული იყო, როგორც რაღაც ერთობლივი აქცია. ისე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ თითქოს ეს აქცია ერთობლივი ყოფილიყო ან საერთო და არა – „ნაცმოძრაობის“. ჩემი აზრით, ამ აქციას თავიდან ბოლომდე აკლია გულწრფელობა, არავის სჯერა მისი წარმატების და იმისთვის, რომ რაღაცნაირად ხმაური გამოიწვიოს ამან, საჭირო გახდა მისი 9 აპრილს ჩატარება, რაც არის პარაზიტირება იმ ხალხის ნამოღვაწარისა და ნაშრომის, რომელიც ამას არ იმსახურებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.