ფაქტობრივად, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა მკვდარია და ეს პროფესიაც ან სულს ღაფავს, ან უკვე დაღაფა სული - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
იაგო ხვიჩია ამაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.
"ფაქტობრივად, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა მკვდარია და ეს პროფესიაც ან სულს ღაფავს, ან უკვე დაღაფა სული. ამ თამაშის მთავარი წამომწყები და არქიტექტორი არის "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი - ეს მე მგონი ცხადი არის, მაგრამ ის ხალხი, რომლებიც ამ თამაშში მონაწილეობს და ის ხალხი, რომლებიც ამ სპექტაკლებს დგამს, 4 ოქტომბერი ერთ-ერთი ასეთი სპექტაკლი იყო, უბრალოდ ჩემი წინა სტუმარი [გრიგოლ გეგელია] რომ საუბრობდა და აკრიტიკებდა 4 ოქტომბრის ხალხს, 3 ოქტომბერს მათი ტელევიზია რომ გახსნილი ყოფილიყო ამ თემაზე სადისკუსიოდ, არის თუ არა ეს რუსული სპეცოპერაცია, 4-ში შეიძლება სხვა შედეგი ყოფილიყო, არა არსებითად, პირობითად, მაგრამ მის ტელევიზიას ის კამპანია კი არ ეწარმოებინა, რომ 4 ოქტომბერს დავამხობთ ხელისუფლებას, არამედ ეწარმოებინა არჩევნებზე მისვლის კამპანია და საერთოდ სხვა შედეგი იქნებოდა, ამიტომ, თუ ეს რუსული სპეცოპერაცია იყო, მისი ტელევიზიაც მონაწილეობდა ამ ე.წ. რუსულ სპეცოპერაციაში. მაგრამ, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივი ქართული თამაშია, რომელიც მიზნად საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას და ამის შემდეგ მათგან არასწორი არჩევნების გაკეთებას გულისხმობს, ან გულაცრუებას ზოგადად არჩევნების მიმართ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.







