სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს სხვადასხვა ქალაქებიდან მიუსაფარი ძაღლები დასაძინებლად ან კრემატორიუმში დასაწვავად მიჰყავთ, სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს. უწყება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებისგან.
სააგენტო განმარტავს, რომ მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს.
"მნიშვნელოვანი საჭიროება არის კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც გამოვლინდება იმაში, რომ ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც ყველა ადამიანს წინასწარი ეცოდინება, თუ რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რომელსაც განახორციელებს ვეტერინარი სპეციალისტი და კასტრაცია-სტერილიზაცია. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდება პასუხისმგებელ პირთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილ იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების წესით", - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ.




