„ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და, როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მისი კოლეგები მოიწყენენ და კვლავ პარლამენტში შევლენ.

„ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და, როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება, შემდეგ იგივე იწყება. ჩვენი კოლეგებიც ასე არიან. ცოტა ხანში მოწყენას დაიწყებენ, გართობა მოუნდებათ და პარლამენტში შემოვლენ, რადგან ეს ბოიკოტი არ არის. ეს არ არის დიდი პოლიტიკური აქტი, ამას „ნაცების“ ორკვირიან ბოიკოტს ვერ დავარქმევ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ: 14 მაისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, საპარლამენტო პოლიტიკურმა სუბიექტებმა: "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს და შესაბამისი განცხადებები გაავრცელეს.