გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საპარლამენტო მანდატების ჩახსნა შეცდომა იყო.
როგორც იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა და ბოიკოტის გზას ირჩევდა, მაშინ ამის საპირწონე რევოლუციური გზა უნდა დაედოთ, მაგრამ მანდატები ჰარი-ჰარალოზე ჩახსნეს და "ქართული ოცნების" სასარგებლო საქმე გააკეთეს.
"თავისთავად ცხადია, რომ შეცდომა იყო [პარლამენტში შეუსვლელობა]. თუ შენ არ შედიხარ პარლამენტში და ამ გზას ირჩევ, შენ უნდა დადო ამის საპირწონე რევოლუციური გზა. თუ რევოლუციაზე არ მიდიხარ, არც ის ხალხი უნდა დააჭერინო ვინც ციხეში ზის. მე იმას კი არ ვიძახი, რომ "ქოცებზე" მეტი პასუხისმგებლობა აქვს ვინმეს, მათი პასუხისმგებლობა პირველია. მაგრამ, მე თუ შემეძლო ჩემი ამომრჩევლისთვის მეთქვა - "ჭკვიანად იყავით, წინ არ წახვიდეთ, არ იჩხუბოთ, პოლიციასთან შეტაკებაში არ შეხვიდეთ, თუ დაგიჭერენ ვერ დაგეხმარებით", მე თუ შემეძლო ამის თქმა, ხომ სხვასაც შეეძლო? მაგრამ, სტრატეგიის ასე დასაგეგმად საჭიროა დაჯდე, დაილაპარაკო, აუხსნა ერთმანეთს შენი ძლიერი და სუსტი მხარეები, კარტები გახსნა, რომ ერთობლივი ბრძოლა შეძლო. სინამდვილეში რა ქნეს - ჰარი-ჰარალოზე ჩახსნეს მანდატები, რომელიც სინამდვილეში "ქართულ ოცნებას" აწყობდა და ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით თუ მათი საქმის გასაკეთებლად, ის შედეგი, რაც ბიძინამ დადო 97-3 ასახულიყო პარლამენტში, რადგან იქ ეგეთი შედეგი არ იყო, 54-40 იყო პირობითად. ეს "ქოცებს" არ აწყობდათ, საჭირო იყო უფრო მაღალი შედეგი და ა ბატონო, დაიდო უფრო მაღალი შედეგი. მკითხეთ რისი იმედი გაქვსო და მე მაქვს იმის იმედი, რომ ქართველი ხალხი აზრზე მოვა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.