ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით იაგო ხვიჩია ოპოზიციის დღეისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

„ეს აქცია არ არის იმისთვის, რომ რაიმე შედეგს მიაღწიონ, ეს აქცია არის იმისთვის, რომ ხალხი დაიღალოს და „ქართული ოცნების“ ოთხწლიან მმართველობას შეეგუოს. ოღონდ ამაში ოპოზიცია და „ენჯეო“ მონაწილეობენ. ამას რომ ვამბობდი, „ქოცებთან“ შეკრულს მეძახდნენ, ახლა ხომ არ ვარ პარლამენტში. „ქოცებთან“ რომ ვყოფილიყავი შეკრული, პარლამენტში ვიქნებოდი. ახლა ხალხს დაღლიან და წაგებას შეაგუებენ. მჯერა, რომ ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას. შემთხვევითი ამბავი არ არის, რომ ის ბარიკადებისკენ იქაჩება. თუ უნდათ, რევოლუცია არ შედგეს, ბარიკადებზე ის ხალხი უნდა იდგეს, ვინც დგას. მათი რეპუტაციით რევოლუციის მოწყობა შეუძლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.