სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მოკვლის ფაქტს, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"მეტი როგორ უნდა მოიქცნენ რუსები, მათთან კეკლუცი რომ მორჩეს? ვიზიარებ უსუსურობისგან გამოწვეულ საყოველთაო სიბრაზეს და მწუხარებას." - წერს იაგო ხვიჩია "ფეისბუკში".
ცნობისთვის, სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების
ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".