"თავისუფალი ხალხის პარტიის" სახელით იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"გია ბარამიძე პოლიტპატიმარია.
მინდა მივმართო მის დამცველებსაც: თუკი მეუბნებით, რომ მისი ნათქვამი ეთერში არ უნდა გამეშვა, ამით ავტომატურად ამბობთ, რომ ის დამნაშავეა.
ამ ლოგიკით, ჩემი 300-მდე გადაცემიდან ნახევარი ეთერში არ უნდა გამეშვა, რადგან ამ სტანდარტით იქ უამრავი ადამიანი შეიძლება გამხდარიყო სისხლის სამართლის დამნაშავე. მე გია ბარამიძის ნათქვამში კრიმინალი არ დამინახავს.
სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს პოდკასტში ნათქვამი სიტყვის გამო სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ. მარტო ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ მიაგნო ამას, არავის თავში აზრად არ მოსვლია, ადამიანი 32 წლის წინანდელი ამბის მოყოლის გამო გაესამართლებინა.გადაცემას ვაკეთებ საქართველოს ისტორიაზე და მე ისტორიას ვერ გადავაკეთებ! ჩემი რესპონდენტები კი მათი ნათქვამის გამო ციხეში არ უნდა აღმოჩნდნენ" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
2026 წლის 7 აგვისტოს გიორგი ბარამიძის გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატის და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
ცნობისთვის, გია ბარამიძემ განაცხადა: ვთქვი, რომ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ - ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი ხვრეტს









