მე ასეთი ფორმატები მინახავს, ერთ-ერთში მეც ვყოფილვარ ამის მონაწილე თავის დროზე, როცა პოლიტიკაში შემოვდგი ფეხი და ვიცი, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური „ტიტანიკი“, – ასე უპასუხა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ფიქრობს, რომ ოპოზიციის ალიანსის ეს ახალი ფორმატი არც ამჯერად არ იქნება წარმატებული?

„ქართულმა ოცნებამ“ ახლა ჩამოაყენა ეს გემი და ეპატიჟება ხალხს, რომლის კაპიტანი არის ჩერგო და გვარამია. თუ, არ ვიცი, ბოცმანი ერთია და მეორე – კაპიტანი. ეპატიჟებიან ხალხს, კარგი მუსიკა უკრავს ამ „ტიტანიკზე“ და ეუბნებიან, მოდით, შემოგვიერთდითო. სინამდვილეში, ყველას ესმის, რომ ყველა არჩევნების წინ ასე ხდება. მე გითხარით, რომ მეც ვიყავი ამის მონაწილე ერთ-ერთი, თავის დროზე პაატა ბურჭულაძის პარტია იყო ასეთი „ტიტანიკი“. შემდეგ არჩევნებზე, აგერ, წინა, 2024 წლის არჩევნებზე გვარამიას პარტია იყო ასეთი „ტიტანიკი“, რომელიც კარგად გამოიყურებოდა, მიმზიდველად, ფული ჰქონდა, ბრჭყვიალებდა, მუსიკა უკრავდა და კარგი საჭმელები იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იცი, რომ ის განწირულია ჩასაძირად, როგორც მოხდა თავის დროზე ბურჭულაძის შემთხვევაში, შემდეგ მოხდა 2024 წელს გვარამიას შემთხვევაში და ახლაც იგივეა. უბრალოდ, ხალხი ჰგონიათ ძალიან სულელი, რომ ზუსტად იმავეს აჭმევენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი აზრით, არჩევნები მიმდინარე წელს იქნება.

„ჩემი აზრით, ამ წელს იქნება არჩევნები. მე ასეთი ვერსია მაქვს და გეტყვით, რა ამყარებს ამ ვერსიას. ზოგადად, ამ პოლიტიკური „ტიტანიკის“ შემოგორება არის წინასაარჩევნო წელს, იმიტომ, რომ მასეთი სულელი არავინ არ არის, იმას ვერ მიხვდეს, რომ სამ წელიწადში რომ არჩევნებია, იქამდე ეს კოალიცია ვერ მიაღწევს. სადმე წავიდა ის შეკითხვა, 40 მილიონი სად იშოვა გვარამიამ? ახლა სად იშოვიან ფულს ან სად შოულობენ? უბრალოდ, ხმას არავინ არ იღებს, იმიტომ, რომ ყველას უნდა ამ „ტიტანიკში“ მოხვედრა. ვის აწყობდა საერთოდ ამ „ტიტანიკის“ მოქოქვა აქამდე, თუ არჩევნებს არ აპირე, ან რაღაც მსგავსის გეგმა „ბ“ მაინც არ გაქვს გადადებული? იმიტომ, რომ ხომ შეუძლებელია, სამი წელი ან ერთი წელიც კი გააჩერო ესენი ერთად? რომელიმე წევრი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ სამი წელი გაძლებს ეს რაღაც ალიანსიო, შანსი არ არის, ეგ იქ ვინმემ დაიჯეროს. შანსი არ არის, ისეთი ხალხია იქ თავმოყრილი. ეგენი, ნეტავ, „ქართულ ოცნებაში“ შევიდნენ, ერთ დღეში დაიშლება „ქართული ოცნება“. ჩერგო და გვარამია, ნეტავ, „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ, ალიანსში კი არა, ბიძინას ფულებიც კი ვერ უშველიდა, ისე დაიშლებოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.