მინდა, მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ თქვენც ემხრობით პატიმართა რაოდენობის შემცირებას. საქართველო ევროპაში საკმაოდ მაღალ ადგილს იკავებს პატიმრების რაოდენობით და თან იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესში იმყოფება, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ.

„2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შედეგად თითქმის 3-ჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა, თუმცა დღეს მაინც გვყავს იმაზე მეტი პატიმარი, ვიდრე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 100 ათას მოსახლეზე 190 პატიმარია მაშინ, როდესაც ჩვენთან იმავე რაოდენობის მოსახლეზე 260 პატიმარია. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ევროკავშირის მდგომარეობას, დაახლოებით ერთი მესამედით უნდა შევამციროთ პატიმართა რაოდენობა. გთავაზობთ, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება, შევამციროთ მათი რაოდენობა. ჩვენ გვაქვს შანსი, გადავიაზროთ ის სიტუაცია. ციხეში მყოფი ადამიანებისთვის ისეთივე მოლოდინს უნდა იწვევდეს მორიგი არჩევნები, რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს გააკეთა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.