ეს არ არის ოპერაცია. ეს არის ომი, რომელიც თავს მოგვახვიეს და მალე არ დასრულდება, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის აღსადგენად.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, ეს ომი ნიშნავს „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურებას, ტერორისტების დაჭერას. ისრაელის ტერიტორიაზე ყოველ წუთს ციფრი იზრდება. 700 სამოქალაქო პირზე ვსაუბრობთ, რომლებიც მოკლეს ბოლო 2 დღის განმავლობაში, 2 000 დაიჭრა და რიცხვი იზრდება, იმიტომ, რომ ახალ ცხედრებს პოულობენ. ადამიანები აღნიშნავდნენ დღესასწაულს ქალაქგარეთ და ეს დღე სისხლისღვრის დღედ იქცა. 260 ცხედარი აღმოაჩინეს ბოლო პერიოდში. ეს იყო მასობრივი არაადამიანური შეტევა და ამით ამაყობს ეს ორგანიზაცია [„ჰამასი“], ამ მხეცობით.
საშინელებებს ვხედავთ. „ჰამასის“ წევრები ბავშვებს ატყვევებენ. ტერორისტები გვაჩვენებენ როგორ აჰყავთ 2-4 წლის ბავშვები ტყვედ. ეს არის ისეთი რაღაც, რაც ისრაელს არასდროს განუცდია და ამიტომ, ისრაელი იცავს თავს, „ჰამასს“ აგებინებს პასუხს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, რომ „ჰამასს“ არ ჰქონდეს შესაძლებლობა გააგრძელოს ამგვარი ქმედებები“, - განაცხადა მეიცადმა.