აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს საზოგადოება, რომელიც სანქციების გამოყენებას აპირებს, რომ ამ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატიის მიდგომა საქართველოს მიმართ, არის აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი.
„უპირველესად ჩვენ უნდა განვიხილოთ ევრობიუროკრატიის მიდგომა საქართველოს მიმართ, რომელიც არის აბსოლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი. მათ შორის, ეს ე.წ. სანქციების სისტემა პიროვნებების მიმართ, თანამდებობის პირების მიმართ, ბიზნესის მიმართ. ეს ყველაფერი რას უკავშირდება? ერთადერთი არის ის, რომ საქართველო არ იწყებს ომს რუსეთთან, არ ამტკიცებს გეი პარადებს, არ აკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ეს ხომ რეზოლუციებშიც წერია, ჩვენი მოგონილი არ არის, პირდაპირ წერენ. თუ არ ვცდები, 6 რეზოლუციაზე მეტია მიღებული, რომლებშიც უშუალოდ არის ჩაწერილი, რომ ბიზნესიც დასანქცირდება, თუ არ შესრულდება ევრობიუროკრატიის მოთხოვნები. ისინი ითხოვენ ქვეყნის დაქცევას, მოხდეს ის, რაც უკრაინაში ხდება. ამიტომ ბუნებრივია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ე.წ. სანქციების სისტემას უსამართლოდ მიიჩნევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მიდი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება დაარწმუნოს ევროპული მხარე, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირება უსაფუძვლოა.
„აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ეცდება, დაარწმუნოს საზოგადოება, რომელიც სანქციების გამოყენებას აპირებს, რომ ამ სანქციებს არანაირი საფუძველი არ აქვს. არ არის გამორიცხული, რომ ამ მიდგომებმა იმუშაოს. თუ მაინც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება დაყრდნობილი მხოლოდ და მხოლოდ ევრობიუროკრატიის, იმავე გლობალური ომის პარტიის იმ მიდგომაზე, რასაც ჰქვია – მოდი, ახლა დავსაჯოთ საქართველო, საზოგადოება, ბიზნესი, რათა როგორმე წამოვიყვანოთ ჩვენს მხარეს, ანუ გლობალური ომის პარტიის მხარეს. ვნახოთ, როგორი იქნება მოლაპარაკებები და დარწმუნება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ჭკვიანი მაინც აღმოჩნდეს ევრობიუროკრატიაში და თქვას, ხომ ხედავთ, რომ საქართველოში არ მოქმედებს სანქციები, პირიქით, ორმაგად უფრო ძლიერდება ქართული საზოგადოება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვეა დასახელებული.










