ჩვენ შეიძლება, არჩევნების გაყალბება დაგვჭირდეს იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ხმა არ ავიღოთ და საერთოდ არ გაქრეს ოპოზიცია მომავალ პარლამენტში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლამინირებულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი ივლისიდან გაუქმდება.

„ასეთი დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანია, რომელიც ID ბარათებს უფასოდ აიღებს. რეგულაციებზე ჩანაწერს რაც შეეხება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც რაღაც შეხედულების გამო მაინც არ აქვს სურვილი, რომ აიღოს ახალი ბარათი, მასაც ექნება საშუალება, აიღოს ოღონდ დროებით, ერთთვიანი ძველი პირადობის მოწმობა. ამით ვასრულებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციას, რომელიც გვეუბნება, რომ ახალ აიდი ბარათებზე კამპანია იყოს, რომ მოქალაქეებმა ახალი აიდი ბარათები აიღონ, მაგრამ უზრუნველყავით ის, რომ ყველამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ სამასი ათასი ადამიანის უდიდესი რაოდენობა ID ბარათებს აიღებს და დაახლოებით რამდენიმე ასეული შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა შეხედულების გამო აიღოს ძველი პირადობის მოწმობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.