„მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა?“ - ეს კითხვა დასვა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბახმაროს სემინარის ჩატარება.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებით და საქართველოს ხელისუფლების კურსით უკვე დადასტურდა, რომ სწორი იყო ქვეყანაში „შავი ფულის“ შემოდინების გზების გადაკეტვა, რამეთუ ამ გზით ფინანსდებოდა დესტრუქციული ქმედებები. მეტიც, მისი თქმით, ევრობიუროკრატები გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგაც ცდილობენ, ეძებონ საქართველოში „შავი ფულის“ გადმოსარიცხად შემოვლითი გზები.
„მარტა კოსმა განაცხადა, რომ ისინი [ევრობიუროკრატები] სწავლობენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი გამჭვირვალობის კანონს, ევროპული ღირებულებების ფარგლებში. ამაზე მეტი კრახი რა შეიძლება იყოს, ამხელა თანამდებობის პირი მსგავს განცხადებას რომ აკეთებს?! სწორედ ამიტომ აქვს დღევანდელ ევროკავშირს პრობლემები ყველასთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. 2023 წლის გაზაფხულზე „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი. შემდეგ ამას რა პროცესები მოჰყვა, ყველას გვახსოვს, მაგრამ მთავარი წინააღმდეგობა, რაც ამ კანონპროექტს ჰქონდა, იყო ის, რომ არასამთავრობო სექტორი ამბობდა, თითქოს მათ არ სჭირდებოდათ არანაირი გამჭვირვალობა, რადგან ისედაც გამჭვირვალეები იყვნენ. ამას თუთიყუშივით იმეორებდა ზოგიერთი ევროპარლამენტარი, აქაური რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ა.შ. და მათი მთავარი ნარატივი იყო, რომ ევროკავშირი საქართველოს სასიკეთო სხვადასხვა პროექტს აფინანსებდა.
3 წელი გავიდა ჩვენს მიერ გამჭვირვალობის კანონის ინიციირების, საბოლოოდ კი, FARA-ს ანალოგის მიღების შემდეგ და ბევრი რამ გამოაშკარავდა - როგორ ფინანსდებოდა რადიკალური ქმედებები, მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება და ა.შ. ეს ყველაფერი დადასტურებულია და პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთი ბრიფინგი ჰქონდა ამ საკითხზე. მაინტერესებს, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში თუ გინახავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რაიმე პროექტი, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ განხორციელდა? ვნახეთ, რომ ისინი აფინანსებენ ისეთ რადიკალურ სემინარებს, როგორიც რამდენიმე დღის წინ ბახმაროშიც ჩატარდა. ამ პროექტებში ისინი დემონსტრაციულად რთავენ იმ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ განსხვავებული პოლიტიკური აზრისა და გემოვნების მქონე საზოგადოებას.
უკვე დადასტურდა, რომ სწორი იყო ქვეყანაში „შავი ფულის“ შემოდინების გზების გადაკეტვა, რათა უცხო ძალებს ვერ დაეფინანსებინათ რევოლუციები. ახლა ვეღარ მალავენ ამ საკითხს და ხან ერთი სახელმწიფოს საელჩო, ხან თავად ევროკავშირი აფინანსებს და აქეზებს ბულინგსა და შეურაცხყოფას, რათა საქართველოში განვითარდეს რადიკალური პროცესები. არაერთხელ დადასტურდა, რომ გარე წყაროებიდან შემოდინებული თანხების 99% რადიკალური პროცესების განვითარებისთვის მოდიოდა - ანტისახელმწიფოებრივ სემინარებში, რადიკალურ აქციებში და ა.შ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვიდექით და ახლაც ამას ვაგრძელებთ - სუვერენიტეტის დაცვით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.







