ძალიან კარგად ვიცით, რომ მამუკა მდინარაძეს საჯაროობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია და არც ექნება. - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების ოპონენტებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ნარატივს, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ დეკლარაციების შევსება შეწყვიტა.
მისი თქმუთ, მამუკა მდინარაძეს საჯაროობასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, მაგრამ მისი დეკლარაციის ფარულობა უსაფრთხოების თვალსაზრისით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხდება.
"ძალიან კარგად ვიცით, რომ მამუკა მდინარაძეს საჯაროობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია და არც ექნება. ასევე, თქვენც და საჯარო საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცით მისი ქონებაც, შემოსავალიც და ყველაფერი. უბრალოდ, აქ საუბარია იმაზე, რაც სხვა სახელმწიფოებშიც არსებობს. სხვათა შორის, არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი მოადგილეების საჯაროობა არის შეზღუდული დეკლარაციებთან დაკავშირებით, არამედ ბევრი სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის, წამყვან სახელმწიფოებში. აქ საუბარია არა შევსების შეზღუდვაზე, არამედ ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე, რადგან საჯარო დეკლარაციაში არის მითითებული მისი და მისი ოჯახის წევრების მაიდენტიფიცირებელი საშუალებები და ა.შ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ აქ არის საუბარი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უმრავლესობა ამბობს, რომ ეს სიცრუეა, პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, დეკლარაციები ივსება და ის სრულად ხელმისაწვდომია აუდიტის სამსახურისთვის. რაც შეეხება მათ საჯაროდ, ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებას, ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ პასუხობს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში, მათ შორის ამერიკაში, ისრაელსა თუ დიდ ბრიტანეთში, სადაც სპეცსამსახურების მუშაობის სტანდარტი მაღალია, არათუ ხელმძღვანელის, არამედ რიგითი თანამშრომლის დეკლარაციაც კი საჯაროდ არ ქვეყნდება, რადგან დოკუმენტები შეიცავს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა საცხოვრებელი მისამართი და სხვა პირადი ინფორმაცია, რისი ღიად დატოვებაც დაუშვებელია.









