„სამარცხვინოა EPP-ის 2024 წლის კონგრესზე პატიმარ სააკაშვილის მიპატიჟებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. შეგვიძლია ამ პროცესს სათაურად დავარქვათ - ევროპის სახალხო პარტია საქართველოს წინააღმდეგ.“ - ამის შესახებ მედიასთან საუბარში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლობალურ ომის პარტიას ჰყავს ე.წ. „ენზე“-დ შემონახული, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. „გლობალურ ომის პარტიას საქართველოში რადიკალიზაციისთვის და არაკანონიერი გზით ხელისუფლების შეცვლისთვის რამდენიმე სახის გეგმა აქვს. ერთ-ერთი გეგმა, რაც თავადაც აღიარა სააკაშვილმა იყო მისი ასე ცნობილი არაჟნებით შემოსვლა საქართველოში.
ჩვენ გვიკვირს და ნამდვილად სამარცხვინოა EPP-ის 2024 წლის კონგრესზე პატიმარ, სააკაშვილის მიპატიჟებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. შეგვიძლია ამ პროცესს სათაურად დავარქვათ - ევროპის სახალხო პარტია საქართველოს წინააღმდეგ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის თემა გლობალური ომის პარტიის მიერ გამოყენებული იყო მაშინაც, როდესაც სააკაშვილის სურათებით ისხდნენ დეპუტატები ევროპარლამენტში, მერე პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ და ნაწილ-ნაწილ უნდოდათ მისი გატანა საავადმყოფოდან. რეალურად კი საერთაშორისო სასამართლომ, ასევე ექიმებმა დაადგინეს, რომ ადამიანს არაფერი სჭირდა სასიკვდილო, თუ სწორად გამოიკვებებოდა. ახლა სააკაშვილი უკვე გამოდის და არა მარტო ქართულ, საერთაშორისო პოლიტიკაშიც უნდა თავისი წვლილის შეტანა.
ახლა როცა დადგინდა, რომ თურმე ქართული ჰაერი ჩვეულებრივია მისთვის და შეიძლება, რომ აქაც გამოჯანმრთელდეს, სად არიან ის დიპლომატები და ევროპარლამენტარები დემარშით რომ გამოდიოდნენ? ქართველ ხალხს, რატომ არ ესაუბრებიან იმაზე, რომ უკაცრავად, ჩვენ მწარედ მოგვატყუეს, როცა გვეუბნებოდნენ, რომ კვდება პატიმარი სააკაშვილიო.
თითქოს ჩაიარა ამ პროცესებმა და ქართველმა ხალხმა გადაიტანა ეს შეურაცხყოფა, მაგრამ ასე არ არის. ასეთი შეურაცხყოფა, რომ მიაყენე სახელმწიფოს და ხალხს ახლა რა პასუხს სცემ. მით უმეტეს, რომ ახლა კიდე ჰპატიჟებ კონფერენციაზე. ეს ხომ არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქვეყნის სუვერენიტეტის. სააკაშვილი გლობალურ ომის პარტიას ჰყავს ე.წ. „ენზე“-დ შემონახული, რომ თუ არ გაუმართლებთ ზურაბიშვილი, ხაბეიშვილი, მელია, ხაზარაძე თუ გახარია, მერე რაღაცნაირად გამოიყენებენ დესტრუქციისთვის," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.