საფრანგეთის პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საუბარი ნიშნავს, რომ დასრულდა ნებისმიერი სახის მითები, თუ რაიმე იყო არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური პროცესები აუცილებლად მილევადი გახდება და 20 იანვრის შემდეგ სულ სხვა მსოფლიო იქნება.

„რა თქმა უნდა, აქამდეც არ იყო კითხვები ლეგიტიმურობაზე, თუმცა ნებისმიერ რადიკალურ ოპოზიციონერს ან უცხოურ ძალას, ვისაც არალეგიტიმურობაზე ჰქონდა პრეტენზიები, რა თქმა უნდა, ამ საუბრის შემდეგ დასრულებულია. ყოველთვის ვამბობდით, აუცილებლად მოხდებაო და უკვე გადატვირთვა დაიწყო როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს ხელმძღვანელის ინიციატივით შემდგარი საუბარი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მათ დაინახეს საქართველოს რეალობა და ის, რომ შემდგარია, როგორც სუვერენული ქვეყანა. მათ დაინახეს ისიც, რომ ქართველი ხალხი იცავს ღირსებას, ქართულ იდენტობასა და სუვერენიტეტს. რადიკალური პროცესები აუცილებლად მილევადი გახდება და 20 იანვრის შემდეგ სულ სხვა მსოფლიო იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველოც ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „ქართული ოცნების“ ცნობით, მაკრონმა სურვილი გამოთქვა, ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილი შეიტანოს.