„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს. კერძოდ, საუბარია უცხოური გავლენების შესახებ კანონზე, რომელიც მისაღებია საფრანგეთისთვის, ხოლო ევრობიუროკრატებისათვის საქართველოში იგივე შინაარსის კანონი ანტიდემოკრატიულად მიიჩნევა.
გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აკრიტიკებდნენ ევროპაში საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონს და განაცხადა, რომ ამის უკან დგას „დიფ სთეითი“, რომლის სურვილია საქართველოს ხელისუფლების კონტროლი და ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა.
„აბსოლუტურად სწორი და გასაგებია, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და ასევე, ემხრობა იმას, რომ არ უნდა გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია და ა.შ. მაგრამ, რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით? მაშინ უცხოეთიდან არაერთი უსამართლო განცხადება გაკეთდა, მათ შორის საფრანგეთის მხრიდან. ანუ, ფრანგ ხალხს სჭირდება სიმართლე და სამართლიანობა და ქართველ ხალხს არა?
უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, კრიტიკა იმიტომ იყო, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, რომელიც არიას „დიფ სთეითის“ და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ საქართველოში თავად უნდა აკონტროლოს ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესები - საქართველოს სუვერენიტეტი არ სჭირდება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.








