ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არ არის საკითხი, რომელზედაც რაიმე კუთხით ვმსჯელობთ, რომლითაც რაიმე ფორმით ვინტერესდებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

"„ჩვენ არ ვაპირებთ, ვიფიქროთ არარსებულ საკითხებზე, რომელზედაც ფიქრი და მსჯელობა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ვაგრძელებთ ამისათვის მუშაობას.

საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს. თუ არ განვიხილეთ საკითხი, ვერც არას ვიტყვი და ვერც – კის, ეს არ არის საკითხი, რომლითაც ვინტერესდებით ახლა, აპრილში.

ჩვენ ამ საკითხზე ვმსჯელობთ, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი და გავაგრძელებთ მსჯელობას, როდესაც ამას დავაპირებთ, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი.

ზოგადად, პარტია ყოველთვის უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის. პარტიის საქმე არის, რომ ყოველთვის იყოს საბრძოლო ფორმაში. ზოგ დღეს ეს არის არჩევნები, ზოგ დღეს – აქცია, ზოგ დღეს ეს არის საგარეო ველზე ბრძოლა, ზოგ დღეს ეს არის საშინაო ველზე ბრძოლა. პარტია, როგორც ასეთი, საერთოდ და საზოგადოდ, ყოველთვის უნდა იყოს ყველაფრისთვის მზად. ჩვენ, როგორც კოალიცია „ძლიერი საქართველო“, ყოველთვის ვართ მზად, ვართ ფორმაში და ვერცერთი ხრიკი და ტრიუკი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს, ვერ გაჭრის, რადგან ჩვენ ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვართ. სწორედ ეს აგიჟებს „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომ ძლიერ საქართველოს ვერაფერი მოუხერხეს. ჩვენ ვართ მყარად ფეხზე. მათგან განსხვავებით, ვართ პრინციპულები, ვემსახურებით ამ ქვეყანას.

მე ვერ ვხედავ გამორჩეულ უთანხმოებას ვერცერთ საკითხზე. ზოგიერთი პარტია საუბრობს თავის გეგმებზე ერთი ფორმით, ზოგიერთი, უბრალოდ, ტაქტიკურად სხვა საკითხებს მიიჩნევს უფრო მნიშვნელოვან საკითხებად. ეს არ არის უთანხმოება, არც განხეთქილება. ჩვენი კოალიცია არ მიიჩნევს, რომ ეს არის აქტუალური და რელევანტური საკითხი. შესაბამისად, ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე და ვაგრძელებთ ფიქრსა და მუშაობას იმ საკითხზე, რომელიც, ჩვენი აზრით, არის ყველაზე რელევანტური – ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.